ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა საქართველოში
რა განსხვავებაა სკანირებულ ხელმოწერას, მარტივ ელექტრონულ ხელმოწერასა და პირადობის მოწმობით შესრულებულ კვალიფიციურ ხელმოწერას შორის — და როდის რომელი გამოდგება.
სამი სხვადასხვა რამ, რომელსაც ერთი სიტყვით ვუწოდებთ
პრაქტიკაში „ელექტრონულ ხელმოწერას“ სამ სხვადასხვა რამეს ეძახიან, და მათ შორის განსხვავება სწორედ მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა დავა წარმოიშობა.
- სკანირებული ხელმოწერა — ქაღალდზე მოწერილი ხელის სურათი, ჩასმული დოკუმენტში. ეს ელექტრონული ხელმოწერა არ არის; ის მხოლოდ გამოსახულებაა და მისი კოპირება ნებისმიერს შეუძლია.
- მარტივი ელექტრონული ხელმოწერა — დადასტურება ბმულით, კოდითა და ანგარიშით. მას აქვს მტკიცებულებითი ღირებულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს სრული ისტორია: ვინ გახსნა, როდის, რომელი მისამართიდან.
- კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა — შესრულებული პირადობის ელექტრონული მოწმობით, ბარათისა და PIN-კოდის მეშვეობით. სწორედ ამ ტიპს აქვს კანონმდებლობით პირადი ხელმოწერის თანაბარი ძალა.
რატომ არის მნიშვნელოვანი audit trail
ხელმოწერის ნამდვილობა მხოლოდ თავად ხელმოწერით არ დგინდება. თანაბრად მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ არ შეცვლილა და რომ არსებობს ჩანაწერი მთელი პროცესის შესახებ.
სწორედ ამიტომ ინახავს სერიოზული სისტემა ხელმოწერილ ვერსიას ცალკე, უცვლელ ფაილად და აფიქსირებს გაგზავნის, გახსნის, ხელმოწერისა და დაბრუნების ზუსტ დროს. ფაილში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება შემოწმებისას ავტომატურად გამოჩნდება.
როდის რომელი გამოვიყენოთ
პრაქტიკული წესი მარტივია: რაც უფრო მაღალია დოკუმენტის ფასი ან რისკი, მით უფრო ძლიერი ხელმოწერა სჭირდება. შიდა ბრძანებისთვის ან სამუშაო შეთანხმებისთვის მარტივი ელექტრონული ხელმოწერა ჩვეულებრივ საკმარისია. მსხვილი ხელშეკრულების, უძრავ ნივთთან დაკავშირებული დოკუმენტის ან სახელმწიფო უწყებისთვის განკუთვნილი დოკუმენტის შემთხვევაში — კვალიფიციური.
ეს სტატია ზოგად სურათს აღწერს და იურიდიულ კონსულტაციას არ ანაცვლებს. კონკრეტული დოკუმენტისთვის საჭირო ხელმოწერის ტიპი თქვენს იურისტთან უნდა დაზუსტდეს.
ხშირად დასმული კითხვები
სჭირდება თუ არა კონტრაგენტს იგივე სისტემა ხელმოსაწერად?
არა. კონტრაგენტი იღებს დაცულ ბმულს ელფოსტაზე, გაეცნობა დოკუმენტს და იქვე აწერს ხელს ან აბრუნებს შენიშვნით — ანგარიშის შექმნის გარეშე.
რა სჭირდება პირადობის მოწმობით ხელმოსაწერად?
ბარათის წამკითხველი, ბარათის PIN-კოდი და კომპიუტერზე დაინსტალირებული ხელმოწერის სერვისი. ხელმოწერა თავად კომპიუტერზე სრულდება — ბარათი და PIN-კოდი სერვერზე არ იგზავნება.